„აგურ-აგურ შლიან საკუთარ სახლებს“ - დავით ქაცარავა ამბობს თუ რა ხდება ახლა გუგუტიანთკარში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში უკვე რამდენიმე დღეა რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრების გავლებას განაგრძობენ და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში ძელებს ამაგრებენ. ადგილზე უცხოელი დიპლომატები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებიან.

რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს რუსმა ოკუპანტებმა განუცხადეს, რომ დატოვონ სახლები და გაიტანონ, რაც აქვთ. სოფლის მცხოვრებლებს სამდღიანი ულტიმატუმი წაუყენეს. ეს ორი სახლი მავთულხლართების იქით დარჩა მას შემდეგ, რაც გუშინ დილიდან რუსებმა ბორდერიზაცია განაახლეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ადგილობრივებმა სახლების დაშლა უკვე დაიწყეს. მისი თქმით, მათ ორგანიზაციას გარკვეული შეზღუდვების გამო სოფელში შესვლა არ შეუძლიათ. ქაცარავა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„ახლაც მიმდინარეობს სახლის დაშლის პროცესი. ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს სამშენებლო მასალა მაინც გამოზიდოს. პოლიციამ რატომღაც კონკრეტულად ჩვენს ორგანიზაციას დაუწესა შეზღუდვები, გუგუტიანთკარში არ გვეშვებენ. ჩვენ გვიწევს შორიდან დრონის მეშვეობით დავაკვირდეთ მიმდინარე პროცესებს. ჩვენი ხელისუფლება ერიდება და ცდილობს, არ მოხდეს იმ პრეცენდენტის გამეორება, რაც აცოტში მოხდა, სადაც ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტებმა ბორდერიზაცია შევაჩერეთ. მეცხრე თვეა რუსებმა ერთი მეტრითაც ვერ წაიწიეს წინ.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ სამოქალაქო აქტივისტებს არ გვიშვებენ და ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება ხელს უწყობს ბორდერიზაციას. რეალურად ვერაფრით შეაჩერეს მიმდინარე პროცესები და ოკუპანტებმა სამდღიანი ვადა მისცეს მოსახლეობას, რომ სახლებიდან გაეტანათ ნივთები და დაეშალათ სამშენებლო მასალა.

„ჩამოვიდა დიპლომატიური კორპუსი და ისინი ახლა იქ იმყოფებიან. ეს ადამიანები დგანან და აგურ-აგურ შლიან საკუთარ სახლებს. ულტიმატუმის ვადა ჩართული არის და რასაც მოასწრებენ ამ სამი დღის განმავლობაში, იმას გაიტანენ. ამის შემდეგ ოკუპანტები გააგრძელებენ უკანონო ბორდერიზაციას და ჩვენი ტერიტორების დამატებით მითვისებას. ჩვენი ხელისუფლება ვერაფერს ან არაფერს არ აკეთებს. მხოლოდ 10 დღის თავზე პრობლემის დაწყებიდან გამოჩნდნენ დიპლომატები.

„ათი დღის განმავლობაში მხოლოდ პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ, რომლებიც სამწუხაროდ უზრუნველყოფდნენ ოკუპანტებისთვის მშვიდი გარემოს შექმნას, რომ მათ მშვიდად შემოეღობათ," - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ცნობისათვის, ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს. 15 აგვისტოს სოფელში მიმდინარე უკანონო სამუშაოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა.

ფოტო: დავით ქაცარავა/ფეისბუქი

სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456