შსს-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ერთი ქალი და ორი მამაკაცი თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი მოატყუეს, ისინი ქალბატონს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ოლიმპიურ ქალაქში“ ბინის მიღებაში დახმარებას დაპირდნენ. ამის სანაცვლოდ, კი ბრალდებულებმა მას 15 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინასწარ 7 000 აშშ დოლარი გამოართვეს, ხოლო დანარჩენი 8 000 აშშ დოლარის გამორთმევას მოგვიანებით აპირებდნენ. სამართალდამცველებმა, ერთ ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, 7000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
|