ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით, - ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს გააკეთა. საუბრის ძირითადი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და რეგიონში არსებული ვითარება იყო. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პედრო აგრამუნტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რაც საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ღრმა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე მიუთითებს. ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
|