ეს არეულობა, რაც „ოცნებაშია", ძალიან არ მომწონს. მე არ მაქვს უფლება, ვთქვა, რომ გუნდი არ მომწონს, მაგრამ ისეთი გუნდურობა აღარ აქვთ, როგორიც ადრე იყო, - ამის შესახებ განცხადებას მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე აკეთებს.
"მე და ბიძინას კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ვერ გავკადნიერდები და ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო მეგობრები ვართ. დიდი ხანია მას არ შევხვედრივარ. ბოლოს საჩხერეში ვნახე, დედა რომ გარდაეცვალა, მაშინ. იქაც დადასტურდა, როგორი კარგი დამოკიდებულება აქვს ადამიანების მიმართ.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გულდაწყვეტილი ვარ იმ ხალხზე, რომელმაც ვერ გაიგო ბიძინა ივანიშვილის ფასი. ძალიან მტკივნეულია, როცა ვერ აცნობიერებ, რამხელა კაცი გვყავს გვერდით. გავა დრო და ჩვენ შეგვრცხვება, რომ ის ვერ დავაფასეთ.
ტელევიზიით ვინმე რომ გამოდის და ბატონ ბიძინას ლანძღავს, გულში ვფიქრობ, ნეტა, ბიძინა ამას თუ უყურებს-მეთქი. მერე გული მწყდება, მისი გუნდი და მის გვერდით მყოფები ხმას რატომ არ იღებენ, რატომ არ იცავენ", - ამბობს ქავთარაძე.